ერთხელ მოხუც ბრძენს კარზე ახლაგაზრდა გოგონამ დაუკაკუნა, რომელიც ცრემლებად იღვრებოდა. მან მოხუცს თავის ამბავი მოუყვა.

-აღარ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება… – ხმის კანკალით თქვა მან, – მთელი სიცოცხლის მანძილზე ისე ვექცეოდი ადამიანებს, როგორც მსურდა, რომ მე მომქცეოდნენ, მათდამი გულწრფელი ვიყავი და გულს ვუშლიდი… ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად ყველასთვის სიკეთე მეკეთებინა, ვეხმარებოდი, რითაც შემეძლო. ამ ყველაფერს მართლა უანგაროდ ვაკეთებდი, მაგრამ პასუხად ბოროტება და დაცინვა მივიღე. ტკივილამდე მწყინს და უბრალოდ, დავიღალე… გევედრებით, მითხარით, რა გავაკეთო?

ბრძენმა მოთმინებით მოუსმინა და შემდეგ რჩევა მისცა:
-ყველაფერი გაიხადე და სულ შიშველმა გაიარე ქალაქის ქუჩებში, – მშვიდად წარმოთქვა მოხუცმა.

-მაპატიეთ, მაგრამ ჯერ მაგ დონემდე არ მივსულვარ… თქვენ ალბათ გაგიჟდით, ან მეხუმრებით! თუ ამას გავაკეთებ, არც კი ვიცი, რას მოიმოქმედებენ გამვლელები… ვინმე ნამუსს ამხდის ან მცემს…

მოხუცი უეცრად ადგა, გააღო კარი და მაგიდაზე სარკე დადგა.

-შენ გარეთ შიშველი გასვლის გრცხვენია, მაგრამ რატომღაც, საერთოდ არ გრცხვენია გაშიშვლებული გულით სიარული, ისე გაღებული გულით, როგორც ეს კარია ღია. მასში ყველას უშვებ, ვისაც არ ეზარება. სული – სარკეა, სწორედ ამიტომ ვხედავთ საკუთარი თავის ანარეკლს სხვა ადამიანებში. მათი სული სავსეა ბოროტებითა და მანკიერებებით – სწორედ ასეთ უსახურ სურათს ხედავენ ისინი, როცა შენს სუფთა გულში იხედებიან. მათ არ ჰყოფნით ძალა და ვაჟკაცობა იმისათვის, რომ აღიარონ, რომ შენ მათზე უკეთესი ხარ, და შეიცვალონ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჭემარიტად მამაცი ადამიანების ხვედრია…

-მაშ, რა გავაკეთო? როგორ შევცვალო ეს მდგომარეობა, თუ ჩემზე არაფერია დამოკიდებული?- იკითხა გოგონამ

-აბა, წამომყევი, რაღაცას გაჩვენებ… ნახე, ეს ჩემი ბაღია. აი, უკვე ბევრი წელია, ვრწყავ ამ არნახული სილამაზის ყვავილებს და მათზე ვზრუნავ. მართალი რომ გითხრა, არც ერთხელ მინახანვს, როგორ იფურჩქნება ყვავილები. მხოლოდ აყვავებულ ყვავილებს ვხედავდი, რომლებიც სილამაზითა და სურნელით გიზიდავენ. ისწავლე ბუნებისგან. ისე ფრთხილად გადაშალე ადამიანების წინაშე გული, რომ ვერავინ შეამჩნიოს. მხოლოდ კარგ ადამიანებს გადაუშალე გული. მოშორდი მათ, ვინც ფურცლებს გაცლის, ფეხქვეშ იყრის და თელავს. ეს სარეველები შენამდე ვერ მოვლენ, ამიტომ მათ ვერაფრით დაეხმარები. შენში ისინი მხოლოდ საკუთარი თავის მახინჯ ანარეკლს დაინახავენ.

სამყაროში ბევრი მანკიერებაა, მაგრამ ვისაც სურს, შეუძლია, დარჩეს სუფთა. იყავი გულწრფელი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, თუმცა გახსოვდეს, რომ ყველას გული არ უნდა გადაუშალო – ეს არც შენ გარგია და არც მათ წაადგება.