ბუდიზმი უძველესი მსოფლიო რელიგიაა (მსოფლიო რელიგიას უწოდებენ ისეთ სარწმუნოებრივ სისტემას, რომელიც ზენაციონალურია, გავრცელებულია სხვადასხვა ხალხსა თუ ერში, სხვადასხვა კონტინენტზე და რომელიმე ერთი კონკრეტული ეთნოსის კუთვნილებას არ წარმოადგენს – განსხვავებით, ვთქვათ, ინდუიზმისაგან, რომელიც ინდოელთა რელიგიაა, ანდა სინტოიზმისაგან, რომელიც იაპონელთა რელიგიაა და ა.შ. მსოფლიო რელიგია სამია: ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი).
ბუდიზმი ინდოეთში, ძვ.წ. VI-V საუკუნეებში შეიქმნა და თავდაპირველად ეთიკურ-ფილოსოფიური სწავლება უფრო იყო, ვიდრე რელიგია თანამედროვე გაგებით. ბუდას, მისი ფუძემდებლის, ცხოვრების შესახებ მრავალრიცხოვანი ლეგენდები მოიპოვება, რომელთაც, მეცნიერთა აზრით, რეალურად არსებული პიროვნების, სიდჰართა გაუტამას თავგადასავალი უდევს საფუძვლად. ბუდას პირველი ვრცელი ბიოგრაფია გარდაცვალებიდან დაახლოებით ოთხი საუკუნის შემდეგ დაიწერა (მანამდე ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა).
ამჟამად სრულიად შეუძლებელია ბუდას მეცნიერულად ზუსტი და დამაჯერებელი ბიოგრაფიის აღდგენა _ მითოლოგიური სიუჟეტებისა და ლეგენდარული ელემენტების უბრალო უგულებელყოფა თუ უკუგდება არაფრის მომტანია, რადგან რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი მასალა მეცნიერებს არ გააჩნიათ. ამიტომ გაგაცნობთ ბუდას ცხოვრების ტრადიციულ ვერსიას, რომელიც ბუდისტური წყაროების სინთეზის საფუძველზეა შედგენილი, _ ისეთი ტექსტებისა, როგორიცაა პოემა “ბუდჰაჩარიტა” (“ბუდას ცხოვრების აღწერა”, ავტორია სანსკრიტული ლიტერატურის კლასიკოსი აჰვაგოშჰი – ცხოვრობდა, სავარაუდოდ, ძვ.წ. I საუკუნეში) და მითოლოგიზირებული მოთხრობა “ლალიტავისტარა”.
ბუდიზმმა საუკუნეთა განმავლობაში განიცადა სახეცვლილება, შეიძინა კულტი და რიტუალი, რელიგიის დამახასიათებელი ნიშან_თვისებები, ”გახალხურდა”, დაიყო მრავალ მიმდინარეობად და განშტოებად, გავრცელდა მსოფლიოში _ ამდენად, ის მართლაც რელიგიაა, ოღონდ, პარადოქსულად _ რელიგია ღმერთის გარეშე.
თავად ბუდისტური ტრადიცია მოწმობს, რომ ლამისაა ბუდას გარდაცვალების (ნირვანაში გადასვლის) დღიდანვე მის მიმდევრებში განხეთქილებამ იჩინა თავი. მომდევნო სამასი-ითხასი წლის განმვლობაში ბუდიზმში 18 სკოლა ჩამოყალიბდა, რომლებიც ორ მთავარ ჯგუფად არიან დაყოფილი: “თჰერავადინები” და “მაჰასანგიკები”. მათ დასაბამი მისცა დღეს არსებულ ორ ძირითად ბუდისტურ მიმდინარეობას: “ჰინაიანას” (ანუ “თჰერავადას”) და “მაჰაიანას” (სხვათა შორის, ბუდიზმის ადრეულ პერიოდს ხშირად “სექტანტურ პერიოდს” უწოდებენ)
“თჰერავადა” ნიშნავს “უხუცესთა სწავლებას, “ჰინაიანა” _ მცირე ეტლს, ამუ მცირე (ვიწრო, _ ნაკლულის გაგებით) გზას, “მაჰაიანა” კი _ დიდ ეტლს, ანუ დიდ (ფართო) გზას. (დღესდღეისობით, მეცნიერები სახელწოდება “ჰინაიანას” აღარ ხმარობენ, რადგან მიიჩნევა, რომ ეს “თჰერავადას” მიმდევრებს ამცირებს, შეურაცხყოფს).
“თჰერავადინები” ამტკიცებენ, რომ სწორედ მათ შეინარჩუნეს ბუდას სწავლება სრული და უცვლელი სახით მაშინ, როცა “მაჰასანგიკები” მას ამახინჯებენ და დჰარმაში დაუშვებელი სიახლეები შეაქვთო.
ბუდიზმის მესამე მსხვილი მიმდინარეობაა “ვაჯრაიანა” (“ალმასის ეტლი” ანუ “მაგიური შელოცვების ეტლი”), რომელიც განვითარდა იმის შედეგად, რომ “მაჰაიანაში” ინდუიზმიდან და ხალხური რწმენა-წარმოდგენებიდან მძლავრ ნაკადად შეაღწია მაგიურმა საშუალებებმა და მეთოდებმა. იმის ნაცვლად, რომ ადამიანი გამოხსნას ესწრაფვოდეს ბუდას მიერ ნაქადაგები ზნებრივი პრინციპების დაცვით (როგორც ესაა “ჰინაიანაში”), ანდა დახმარებას ბოდჰისატვებს სთხოვდეს (როგორც ესაა “მაჰაიანაში”), “ვაჯრაიანაში” მთავარი ყურადღება ექცევა მაგიურ ძალისხმევას _ სრულდება რიტუალები (“ტანტრები”), წარმოთქვამენ შელოცვებს (“მანტრებს”), რათა ღვთაებებზე ძალაუფლება მოიპოვონ და ასე მიაღწიონ გამოხსნას.
“ვაჯრაიანაში” დაშვებულია ქალი ბუდებისა და ბოდჰისატვებს არსებობა და ასევე, კულტის ორგიასტული ფორმები. ამრიგად, ბუდიზმი მეტისმეტად გადასხვაფერდა და ინდუისტურ ტანტრიზმსა და შაკტიზმს (ქალური საწყისის კულტს) დაუახლოვდა. “ვაჯრაიანამ” გავრცელება ძირითადდა ჩინეთსა და ტიბეტში ჰპოვა.
ტიბეტში გაჩნდა ბუდიზმის კიდევ ერთი სახესვაობა – ლამაიზმი. თანამედროვე ეპოქაში ბუდიზმმა, როგორც მსოფლიო რელიგიამ, დასრულებული სახე სწორედ მისი მეშვეობით შეიძინა _ დალაი-ლამას კულტი წარმოადგენს ერთგვარ სიმბოლოს, მიზიდულობის ცენტრს, ბუდიზმის უმაღლეს ფასეულობას არა მხოლოდ ლამაისტებსითვის, არამედ “ჰინაიანას” და “მაჰაიანას” მიმდევარი ბუდისტებსთვისაც.
აღმოსავლეთ აზიური ბუდიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობაა ძენ-ბუდიზმი, რომელიც ჩინეთში V-VI საუკუნეებში ჩამოყალიბდა და შემდეგ გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, იაპონიაში. ძენ-ბუდიზმი, ფართო გაგებით, ესაა სწავლება მისტიკური მჭვრეტელობისა და განსხივოსნების (“სატორი”) შესახებ. ის განსაკუთრებით პოპულარულია თანამედროვე დასავლელ ინტელექტუალებს შორის.
ბუდიზმი არაერთგვაროვანი მოვლენაა _ რელიგიურ-ფილოსოფიური რწმენა-წარმოდგენების, იდეებისა და კონცეფციების მეტად თავისებური, რთული კონგლომერატია.
ბუდიზმი, ცნობილი ინდოლოგის, ო.როზენბერგის თქმით, “აღმოსვლური სულის გასაღებს წარმოადგენს”. ბუდიზმი სურვილებზე უარის თქმით, თვითჩაღრმავებითა და ზნეობრივი ცხოვრებით (თანალმობით, ანუ ყველა ცოცხალი არსების მიმართ თანაბარი კეთილგანწყობით) პიროვნული მე-ს გაქრობას, ტანჯვის შეწყვეტას, სანსარიდან, სიკვდილ-სიცოცხლის ციკლური წრებრუნვიდან, თავის დაღწევას და ნირვანაში, მარადიულ უშფოთველობაში, გადასვლას ქადაგებს.
ფრაგმენტი სამეცნიერო–პოპულარული ნარკვევიდან „რას ქადაგებს სამი მსოფლიო რელიგია?" - ირაკლი ლომოური