– თავისი მისტიკურ-რელიგიური სალონი გურჯიევმა პირველად 1912 წელს მოსკოვში ჩამოაყალიბა, მას „კავკასიელ სასწაულმოქმედს“ უწოდებდნენ. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ის თავის მოწაფეებთან ერთად ჯერ ესენტუკში ჩადის, სადაც მათ ალექსანდროპოლიდან წამოსული ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. საბოლოოდ ამ ჯგუფმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩამოსვლა მოახერხა და სწორედ აქ გახსნა მან თავისი „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი“. საისტორიო არქივში ინახება ჟანა ზალცმან-მატინიონის, მედიცინის დოქტორ შერნვალის, პროფესორ ჰარტმანისა და სახელმწიფო თეატრის მხატვრის – ზალცმანის თხოვნა, მიმართული განათლების მინისტრისადმი, რომლებიც ითხოვდნენ თბილისში გურჯიევის სისტემით ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის გახსნის უფლებას. იქვე იყო აღნიშნული, რომ ბატონი გურჯიევი დათანხმდა ინსტიტუტის ხელმძღვანელობაზე. ინსტიტუტი 1919 წლის მიწურულს გაიხსნა. ის მდებარეობდა ნიკოლოზის ქუჩა ¹22-ში (დღევანდელი მისამართია ივანე ჯავახიშვილის ქუჩა ¹22). კარგი იქნება, თუ იქ მემორიალური დაფა განთავსდება. გურჯიევი ლექციებს კითხულობდა რელიგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების საკითხებზე ეზოთერიზმის კუთხით. მთავარი ყურადღება ექცეოდა სისტემებს, რომლებიც სწავლობდნენ ადამიანს, ისევე, როგორც ზეკაცის ცნებებს აღმოსავლურ სწავლებებში. 1919 წლის ზაფხულში სახელმწიფო-საოპერო თეატრში გურჯიევმა ჟანა ზალმაცმან-მატინიონთან თანამშრომლობით დადგა სცენები თავისი ბალეტიდან „ჯადოქართა ბრძოლა“ და მისტერიიდან „გადასახლება“. როგორც ცნობილია, გურჯიევმა თავისი ბალეტისთვის ლიბრეტო მოსკოვში დაწერა, მუსიკა კი თომას დე ჰარტმანმა თბილისში შექმნა, მაგრამ მე ჩვენს არქივებსა და მუზეუმებში გურჯიევის ლიბრეტოს ვერ მივაკვლიე. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ოკუპირებულ იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ, გურჯიევმა დახურა თავისი ინსტიტუტი და 1921 წელს დატოვა საქართველო, 1922 წელს კი საფრანგეთში, ფონტენებლოში, კვლავ გახსნა თავისი ინსტიტუტი, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ამ ინსტიტუტის თეზისები გამოსცა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ეს არის იმ დოკუმენტის ვარიანტი, რომელიც პირველად თბილისში ჩაიწერა და რომელიც დღემდე ინახება ჩვენს საისტორიო მუზეუმში. სხვათა შორის, მე ვიმყოფებოდი ფონტენებლოში, თუმცა, ექსკურსიის პროგრამაში მხოლოდ ფონტენებლოს სასახლის ნახვა შედიოდა.